საქსტატი - აპრილის მონაცემებით, წლიურად ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაიაფდა
საქსტატი - აპრილის მონაცემებით, წლიურად ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაიაფდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 10.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 10.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 9.2 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტები. 9.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. 8.7 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, 6.7 პროცენტით – თევზეული. 3.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.

ფასების 1.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე. ამასთან, ფასები 14.8 პროცენტით არის შემცირებული ზეთსა და ცხიმზე. ასევე, ფასების 4.4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3-პროცენტიანი ზრდა, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.