საქსტატი – აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.8 პროცენტით გაიზარდა

11:44, 19.09.2025

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.8-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.1 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების -5.3-პროცენტიანი კლება კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე. ამასთან, ფასების 2.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.25 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.2 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.72 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.7 პროცენტი) და სასმელებზე (4.6 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 12.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი