საქსტატი - ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, მეორეზე ფეროშენადნობები, ხოლო მესამე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს
საქსტატი - ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, მეორეზე ფეროშენადნობები, ხოლო მესამე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1 662.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 352.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 293.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 180.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 465.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ. აშშ დოლარით.