საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 16.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 16.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.2 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.5 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.9 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.5 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 64.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 3.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.1 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 332.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2026 წლის პირველ კვარტალში 13.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 30.1 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 28.6 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 40.8 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 53.6 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 027 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 42.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 34.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.4 ლარი.

ამასთან, საქსტატის ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 331 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 66.5 პროცენტი, შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.

უწყების ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში მომსახურება გაეწია 355 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 826 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 662 კაცით განისაზღვრა.

2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 97.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 20.1 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 31.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12.7 პროცენტი – თევზეული, 19.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 10.2 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.5 პროცენტი – სხვა პროდუქტები.

2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 25.5 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 57.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მილიონი ლარი შეადგინა.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების 28.6 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 38.5 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 12.3 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 49.2 პროცენტი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 28.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (32.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (24.3 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.1 პროცენტი) და თევზეულზე (9.0 პროცენტი) მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 0.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 0.1 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი.