საქსტატი – 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში როგორც რძის, ასევე ხორცისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.5 პროცენტით შემცირდა და 771.0 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 368.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.9 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 170.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 9.8 მილიონი ფრთა შეადგინა.
უწყების წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 160.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ კი 19.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 198.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია.