საქსტატი – 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 26.9 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს

12:40, 19.11.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 5281 გემი, რომელთა 47.2 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 30.7 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 17.4 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 4.7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ და სხვა გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 33.9 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 15.8 პროცენტით მეტი – გენერალური ტვირთმზიდი გემი, 18.2 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული კი – 90.9 პროცენტით ნაკლები.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.0 პროცენტი – ლიბერიის, 13.8 პროცენტი – თურქეთის, 10.8 პროცენტი – მალტის, დანარჩენი 43.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.6 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 636.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 26.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 42.2 პროცენტი გენერალური ტვირთი იყო, 39.7 პროცენტი – თხევადი ტვირთი, ხოლო 18.1 პროცენტი – ნაყარი ტვირთი

მსგავსი