საქსტატი – 2026 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 303.9 მილიონი ლარის პროდუქცია გაყიდეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.3 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 18.5 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 14.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 7.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 6.7 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.3 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის მესამე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 153.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 25.0 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 68.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 5.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო.
დანარჩენი პირუტყვის წილი 1.6 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 030.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
უწყების ანგარიშით, სასაკლაოების მიერ 2026 წლის მესამე კვარტალში 15.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.5 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 23.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 44.9 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.3 ათას პირს, საიდანაც 43.2 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 076 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 48.2 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 37.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 17.5 ლარი.
ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 432 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 51.9 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
საანგარიშო პერიოდში, მომსახურება გაეწია 374 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 1 296 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 388 კაცით განისაზღვრა.
2026 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული იყო 138.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.9 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.5 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 16.7 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.6 პროცენტი – თევზეული, 8.4 პროცენტი – რძის პროდუქტები და 3.8 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 303.9 მილიონი ლარის ღირებულების 37.9 ათასი ტონა პროდუქცია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 5.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.8 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული.