საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ თითქმის 4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა

11:51, 19.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 19.9 პროცენტით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 6.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე, რაც არ მოიცავს ტრანზიტს, ხოლო 59.8 პროცენტი – ტრანზიტზე.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7 პროცენტი კი – ქვეყნიდან გატანილზე.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 22.7 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო – ჯამურად 39.3 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 17.4 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.1 პროცენტისას – რუსეთის ფედერაცია, 7.1 პროცენტისას – ყაზახეთი, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო – ჯამურად 65.4 პროცენტი.

2026 წლის მეორე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 8.2 პროცენტი – თურქეთი, 8.1 პროცენტი – ნიდერლანდები, 5.5 პროცენტი – ჩინეთი, 2.0 პროცენტი – რუმინეთი, 1.8 პროცენტი – იტალია, 1.2 პროცენტი – უკრაინა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.5 პროცენტისას – თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 22.2 პროცენტი – ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 13.7 პროცენტი – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებზე და თამბაქოზე.

2026 წლის მეორე კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 54.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 16.6 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 16.0 პროცენტი – სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.6 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (13.2 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (12.4 პროცენტი), ძირითადი ლითონები (7.9 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (6.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.6 პროცენტი), ხე და ხის კორპის პროდუქტები (2.1 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (1.9 პროცენტი), მანქანები და აღჭურვილობა (1.1 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.7 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27.3 პროცენტი), ძირითადი ლითონები (11.3 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.8 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 83.6 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები – 36.2 პროცენტი, ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები – 31.1 პროცენტი, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო – 16.3 პროცენტი.

ამასთან, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 425.8 ათასი მგზავრი, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 91.7 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95.9 პროცენტს შეადგენს და 3.4 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17.4 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით 3.5- ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33.4 პროცენტი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 21.4 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, 33.7 პროცენტი გავიდა აზერბაიჯანის მიმართულებით, ხოლო 11.5 პროცენტი გავიდა სომხეთის მიმართულებით. See less

მსგავსი