საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6.9 პროცენტით გაიზარდა

13:05, 18.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის მეორე კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0 პროცენტი)

კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8 პროცენტი) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5 პროცენტი).
ამასთნ, უწყების ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი).

მსგავსი