საქსტატი – 2026 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.1 პროცენტით გაიზარდა

11:07, 20.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.1-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისთან შედარებით ფასები 2.0 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.15 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.3 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.26 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 3.1-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.31 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 14.4 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 16.1-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე;

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.12 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 6.6 პროცენტით გაიზარდა კვების პროდუქტებზე და 11.0 პროცენტით ძირითად ლითონებზე;

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი