საქსტატი – 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების კი – შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 632 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია. საუბარია 8 654.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საქსტატის ცნობით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1 პროცენტი მოდის თბილისზე, 8.9 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 7.8 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის 2 307 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლებია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.9 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.6 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.