საქსტატი - 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.0 პროცენტით ნაკლები ტვირთი გადაამუშავეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4221 გემი, რომელთა 50.5 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 23.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 15.6 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.8 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 49.0 პროცენტით მეტი — გენერალური ტვირთმზიდი, 38.9 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 31.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი — თურქეთის, 10.9 პროცენტი — მალტის, 7.1 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 17.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 51.8 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 024.1 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.1 პროცენტი ზოგადი სახის ტვირთი იყო, 30.7 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 17.2 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.