საქსტატი - 2025 წლის იანვარში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სანსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ამასთან, ფასები მომატებულია 13.2 პროცენტით ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ყავა, ჩაი და კაკაო 11.5 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 10.9 პროცენტით.
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 4.8 პროცენტითაა გაძვირებული. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი – 3.9 პროცენტით. 1.9 პროცენტით მოიმატა ფასებმა თევზეულზე.
ამასთან, ფასები -1.3 პროცენტით შემცირდა ხილზე და ყურძენზე, რძე, ყველი და კვერცხი კი -0.4 პროცენტით გაიაფდა.
„ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (8.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.4 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც -0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.4 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.