საქსტატი – 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა

14:09, 09.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 9.9 პროცენტით, ანუ 194.5 ლარით გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);

მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).

უწყების ანგარიშით, 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი – 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით, ანუ 17.6%-ით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგშია – 4 097.1 ლარი, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების მიმართულება – 3 340.7 ლარი.

2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 233.7 ლარით, ანუ 12.5%-ით და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.

მსგავსი