საქსტატი – 2025 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 254 მილიარდი ლარი შეადგინა

14:29, 01.10.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1 პროცენტით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წელს მისი მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.1 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე – 26.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.0 პროცენტი.

2025 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა – 123.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 7.6 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 76.4 მილიარდი ლარი – რაც 2024 წელთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტია. 2025 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 899.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2 პროცენტი – მამაკაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 40.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 827.2 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3.2 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 12.2 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2198.4 ლარს გაუტოლდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 173.9 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 712.8 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 497.3 ლარი; საშუალო ზომის ბიზნესი – 2 755.6 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 507.4 ლარი.

უწყების ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.5 პროცენტი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ვაჭრობა, 33.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი – დამამუშავებელი მრეწველობა 7.7 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.1 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 13,0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

ამასთან, 2025 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.8 პროცენტი) და ვაჭრობა (18.5 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (18.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციაბი (7.6 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.7 პროცენტიანი წილი ეკავათ.

2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.0 და 9.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 პროცენტი), მშენებლობის (7.8 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

მსგავსი