საქსტატი – 2024 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა

13:23, 16.12.2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.9 პროცენტით, ანუ 201.3 ლარით გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); მშენებლობა – 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების 2 451.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 191.5 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 217.0 ლარი (9.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2024 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 182.9 ლარით, ანუ 9.1% გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია – 4 065.8 ლარი; ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში – 3 500.5 ლარი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 234.0 ლარით, ანუ 14.8% გაიზარდა და 1 813.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობენ თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

მსგავსი