საქსტატი - 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1 6831 გემი, რომელთა 38.5 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 30.1 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 22.5 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.9 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებსა და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34.0 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9 პროცენტით მეტი — გენერალური ტვირთმზიდი, 6.7 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 14.1 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 9.2 პროცენტით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.
ამასთან, გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1 პროცენტი — პანამის, 9.6 პროცენტი — მალტის, 8.7 პროცენტი — ლიბერიის, 5.2 პროცენტი — რუსეთის, დანარჩენი 42.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2024 წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.0 პროცენტს შეადგენდა.
უწყების ანგარიშით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 562.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთი იყო, 33.6 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.