საქსტატი - 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.8 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 600.2 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 13.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 24.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 670.6 ათასით განისაზღვრა, რაც 18.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.0 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.5 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 45.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში და იმერეთის რეგიონში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 233.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 11.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 10.5 პროცენტით და 145.8 ლარს გაუტოლდა.