საქსტატი - 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 225 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 225 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მარტში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 225 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 154 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 6.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 764 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. ამასთან, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებულია 54 შემთხვევა, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში კი ოთხი შემთხვევა.

2023 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 417 შემთხვევა; მუქარა – 262 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 234 შემთხვევა; ძალადობა – 178 შემთხვევა; გაუპატიურება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 106 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 312 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 139 შემთხვევა;

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში განზრახ მკვლელობის მუხლით – ექვსი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით 10 შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მარტში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 838 პირი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, 2 225 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 46 არასრულწლოვანია. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 37 პირის მიმართ შეწყდა.