საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეალური მშპ 7.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეალური მშპ 7.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

„2023 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6 პროცენტი), მშენებლობა (17.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3 პროცენტი), განათლება (18.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გასულ წელს მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 8 210.1 აშშ დოლარი შეადგინა.