საქსტატი - 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა 20.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა 20.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 379.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 574.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 20.1 პროცენტით მეტია 2020 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასით განისაზღვრა, რაც 22.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 38.2 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 12.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 41.0 პროცენტი მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი კი თბილისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 320.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 46.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0 პროცენტით და 203.8 ლარს უტოლდება.