საქსტატი - 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 300 მილიონი დოლარი შეადგინა
საქსტატი - 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 300 მილიონი დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მესამე კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. საქსტატის ცნობით, ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 60.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 59.8 მლნ. აშშ დოლარით (20.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 36.0 მლნ. აშშ დოლარით (12.0 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 69.3 მლნ. აშშ დოლარით (23.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი).