საქსტატი - 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა
საქსტატი - 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციასა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

უწყების შეფასებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 51.8 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 10.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ჩეხეთი 7.1 პროცენტით.

ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2021 წელს 72.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მეოთხე კვარტალში 411.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 325.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79.1 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ – 36.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 21.9 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2021 წლის მეოთხე კვარტალში 91.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორში განხორციელდა და 214.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.2 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 119.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 42.6 მლნ. აშშ დოლარით.