საქსტატი - 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2.5 პროცენტით შემცირდა და 1 150 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 14.7 პროცენტით);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით);
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო მამაკაცების 1 352.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო მამაკაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი – 2 044.3 ლარი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი) დარგებში ფიქსირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 34.9 ლარით და 1 108.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.