საქსტატი - 2020 წელს საქართველოში სულ 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 2 587 მოქალაქე კორონავირუსმა იმსხვერპლა
საქსტატი - 2020 წელს საქართველოში სულ 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 2 587 მოქალაქე კორონავირუსმა იმსხვერპლა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8 პროცენტი, 16.0 პროცენტი სიმსივნეებზე, ხოლო სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები – 7.9 პროცენტი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, ანუ COVID-19, რომელიც ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. აღნიშნული მიზეზით, 2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1 პროცენტს შეადგენს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.