საქსტატი - 2020 წელს რეალური მშპ-ის შემცირებაში ყველაზე დიდი წილი სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და საცალო ვაჭრობის დარგებზე მოდის
საქსტატი - 2020 წელს რეალური მშპ-ის შემცირებაში ყველაზე დიდი წილი სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და საცალო ვაჭრობის დარგებზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49 407.3 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით, 6.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (14.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 10.8 პროცენტით, მშენებლობა – 8.9 პროცენტით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 8.4 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 7.4 პროცენტით. ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4.9 პროცენტით.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 7.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების მიმართულებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების მიმართულებით კი 3.6 პროცენტიანი, განათლება – 3.1 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1.8 პროცენტი, სხვა სახის მომსახურება – 7.1 პროცენტი.

რაც შეეხება შემცირებას, აღინიშნა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-5.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.9 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-37.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-18.4 პროცენტი), მშენებლობა (-4.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-5.0 პროცენტი).