საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 5 პროცენტით, 114 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 5 პროცენტით, 114 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2020 წელს მთლიანი ბრუნვის 58.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.1 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.1 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 9.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. ამასთან, 2020 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 23.0 პროცენტით და მშენებლობა – 19.6 პროცენტით, შემდეგ მოდის ვაჭრობა – 17.6 პროცენტითა და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.0 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.6 პროცენტიანი წილი უჭირავს.

დატოვე კომენტარი