საქსტატი - 2019 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2019 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებს. 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 710.3 ათასით განისაზღვრა, რაც 21.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 36.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.6 პროცენტს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35.0 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (საშუალოდ 270.6 ათასი ვიზიტი თვეში) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საშუალოდ 238.3 ათასი ვიზიტი თვეში).

საქსტატს ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 235.4 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 22.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.7 ლარით და 169.4 ლარს უტოლდება.