საქსტატი - 2016 წელს საფინანსო საწარმოების შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა
საქსტატი - 2016 წელს საფინანსო საწარმოების შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2384 საწარმო
ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4431,3 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, აქედან საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები 71,1%-ით განისაზღვრა, საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან 10,9%-ს შეადგენს, ხოლო დარჩენილი 18,0% სხვა შემოსავლებზე მოდის.

2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ხარჯებმა 3628,9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 35,4% წარმოადგენს საპროცენტო ხარჯებს. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 720,7 მლნ. ლარი დაიხარჯა, ხოლო საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე გაწეული ხარჯები 548,6 მლნ. ლარით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, გასული წლის დასაწყისისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1226,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით, ხოლო წლის ბოლოს მისი მოცულობა – 1340,7 მლნ. ლარს გაუტოლდა.

2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 502,7 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2016 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1427,3 მლნ. ლარი შეადგინა.

2016 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 36,9 ათას ადამიანს, რომელთაგან 59,1% ქალი იყო.