საქსტატი - 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით განისაზღვრა
საქსტატი - 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი).კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1პროცენტი) სექტორებში.