„საქრუსენერგოს“ 50-პროცენტიანი წილი საპარტნიორო ფონდის მართვაში გადავიდა
„საქრუსენერგოს“ 50-პროცენტიანი წილი საპარტნიორო ფონდის მართვაში გადავიდა

ენერგეტიკული კომპანია „საქრუსენერგოს“ 50-პროცენტიანი წილი საპარტნიორო ფონდის მართვაში გადავიდა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ქონების ეროვნულ სააგენტოს განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დაევალა.

გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი კომპანიაა, რომელიც 1996 წელს საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის გადაწყვეტილებით დაფუძნდა. „საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის „კავკასიონს“.

საპარტნიორო ფონდი კი რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას მართავს, მათ შორის „საქართველოს რკინიგზას“, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ესკო-ს, ასევე „თელასის“ 24.5-პროცენტიან წილს.