საქპატენტსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, ხოლო შვეიცარიის მხრიდან – შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ.

ხელმოწერის ცერემონია საქპატენტის სათავო ოფისში ჩატარდა.

მემორანდუმის მიზანია საქპატენტისა და შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების  ერთობლივი პროექტით (GESIP) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა და ამ კუთხით მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

პროექტის მიხედვით, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და გამოყენების სტიმულირების მეშვეობით. ასევე, წვლილს შეიტანს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ბაზისა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დაწესებულებების მომსახურების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობისათვის. კერძოდ, პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, კვლევებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციულ უზრუნველყოფას.

გარდა ამისა, პროექტი დაეხმარება გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ამ ნიშნით დაცული საქონლის მწარმოებლებისა თუ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და საპატენტო სისტემების განვითარების მიმართულებით.

სწრაფი და ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველო, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროექტს ადამიანური რესურსით, რათა სრულად წარმართოს  პროექტი. ასევე, უზრუნველყოფს პროექტში ჩართული ორგანიზაციების კოორდინაციას, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებებსა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებში. კოორდინაციას გაუწევს, ასევე, ადგილობრივი ექსპერტების (საჯარო მოხელეების) ჩართულობას და პროექტში მათ ეფექტიან მონაწილეობას.

GESIP – საქპატენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) ერთობლივი პროექტია, რომლის ბიუჯეტი 596,000.00 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. პროექტი შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქპატენტის ხელმძღვანელი პირები, ხოლო შვეიცარიის მხრიდან – საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას  დაესწრნენ შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლები.