„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი - უკრაინელი ექსპერტები შახტში უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ვერ მივლენ, რადგან ჭერი ჩამოქცეულია
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი - უკრაინელი ექსპერტები შახტში უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ვერ მივლენ, რადგან ჭერი ჩამოქცეულია

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, უკრაინელ ექსპერტებს მიაწოდეს დოკუმენტები,  განვითარების გეგმა, დამუშავების პროექტი, თუმცა ვერ გადასცეს განწესის გეგმა, ვინაიდან ის პოლიციას აქვს წაღებული.

„ხვალ შევეცდებით ამ გეგმის ასლი გავაკეთოთ. ღია ვართ თანამშრომლობისთვის და თვითონაც კარგი პროფესიონალები ჩანან. ხვალ ჩავიყვანთ შახტში. ჩვენ ავიღეთ კომისიებისა და გამოძიებისგან ნებართვა და იმ ადგილზე ზღუდარები ჩავაყენეთ, რომ არ მოხდეს გავრცელება აქეთ, მაგრამ იქამდე მივალთ. უშუალოდ იმ ადგილზე ვერ მივლენ, რადგან ჭერი ჩამოქცეულია. შეიძლება გაიგონ ზემოქმედება რამ გამოიწვია, იქ გამაგრებებია, შეხედავენ და გამოიტანენ დასკვნას. ჩვენ ყველასთან ღია ვართ, იმიტომ რომ ცოტა გაურკვეველი რაღაც მოხდა და ძალიან გვაინტერესებს რისგან და რატომ იყო ეს. თუ ისეთი რაღაცაა, შეიძლება იმ კონკრეტული უბნის დახურვაზეც ვილაპარაკოთ, პირველი უბნის. ახლა იქ მხოლოდ გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მოპოვება არა“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.

ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.