საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა შესაძლოა, გადაიდოს
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა შესაძლოა, გადაიდოს

საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა, თამარ კორძაიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის გაერთიანებული სარჩელის განხილვა გადაიდოს, ვინაიდან ამ შუამდგომლობით სასამართლოს პლენუმს თამარ კორძაიამ მიმართა.

დეპუტატები პარლამენტის 2 თებერვლის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათ მიმართვის მიუხედავად დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, საქმეს არსებითად სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის ცხრა წევრიდან სარჩელის განხილვის წინააღმდეგ მხოლოდ ევა გოცირიძე გამოვიდა.

ტურავა მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელი და ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით დადოს გარკვეული სტანდარტი. მისი თქმით, საქმის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება შეწყდეს, თუ ამას მოსარჩელეები მოითხოვენ, თუმცა ასეთი შუამდგომლობა მათ არ დაუყენებიათ.

„სასამართლოს პლენუმმა სარჩელი მიიღო წარმოებაში, რვა მოსამართლემ დაინახა მიმართება კონსტიტუციასთან, რომელიც არის სარჩელში დაყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადოს შესაბამისი სტანდარტები არა მარტო ამ შემთხვევისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა შემთხვევისთვის, როცა დადგება ანალოგიური საკითხი. თუ სარჩელებს მოხსნიან, არ გვექნება შესაძლებლობა ამ სარჩელებზე არსებითად ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ასეთი შუამდგომლობა მხარეების მხრიდან არ არის დაყენებული. არის მხოლოდ ერთი შუამდგომლობა გადადების თაობაზე, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს დღევანდელ სხდომაზე“, -განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.

დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.