საქმეებს, რომელიც ხუთი ათას ლარს არ აღემატება, მოსამართლესთან გათანაბრებული პირი განიხილავს
საქმეებს, რომელიც ხუთი ათას ლარს არ აღემატება, მოსამართლესთან გათანაბრებული პირი განიხილავს

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა სასამართლოებს ბევრი საქმისგან განტვირთავს, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში წვრილ საქმეებს, რომელიც ხუთი ათას ლარს არ აღემატება, მოსამართლის ნაცვლად მოსამართლესთან გათანაბრებული პირი განიხილავს.

“ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საკითხებთან მიმართებაში მოსამართლესთან მეტ ნაკლებად გათანაბრებული თანამდებობის დადგენა მოხდება, რომელიც წვრილ საქმეებს, რომელიც თანხობრივად იქნება გამოხატული, მაგალითად ხუთი ათასი ლარის ფარგლებში, ის განიხილავს და მოსამართლის განსჯადობაში აღარ გადავა. ამ კანონპროექტით, თუ კი მხარე ასეთი მოხელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ის უკვე განხილული იქნება სასამართლოს მიერ. იმის მცდელობაა, რომ სწორი რეგულაციებით მართლმსაჯულება მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ. მოხელე ერქმევა, თუ სხვა რამ, სახელზე ვფიქრობთ. მოხელეზე იყო საუბარი, თუმცა სახელი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. შეიძლება ეს სახელი დარჩეს, შეიძლება ამოვიღოთ და ამ თანამდებობას სხვა სახელი დაერქვას”,-განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემა ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალია.

“სასამართლო რეფორმა გრძელდება. სასამართლო ყოველგვარი წნეხისგან მთლიანად გათავისუფლებულია. ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მეოთხე ტალღაში ისეთ რეგულაციებს ვადგენთ, რომელიც სასამართლოს ბევრი საქმისგან განტვირთავს. სამოქალაქო საქმეებზე თითოეულ მოქალაქეს ძალიან ბევრი საქმე აწერია. ამიტომ საკანონმდებლო დონეზე მცდელობაა ისეთი რეგულაცია დადგინდეს, რომ შედარებით მარტივი საქმეების განხილვა მარტივად მოხდეს და ამ კუთხით მართლმსაჯულება სწრაფი და ეფექტური იყოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.