საქართველოსთვის სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 41.4 მილიონი დოლარი უკვე ხელმისაწვდომია
საქართველოსთვის სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 41.4 მილიონი დოლარი უკვე ხელმისაწვდომია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“. ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი, პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები კი დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდება.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია. მიუხედევად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება მზად უნდა იყოს, გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამისთვის ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, – განაცხადა აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სსფ-ს მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ლიპტონმა.

მისივე თქმით, ფისკალური დეფიციტი სტაბილური იქნება როგორც 2019 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ფისკალური მდგრადობის მიზნის ერთგული რჩება.