საქართველოში წყლის ხარისხისა და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება
საქართველოში წყლის ხარისხისა და ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება

მიმდინარე კვირას საქართველოში იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შინამეურნეობათა კვლევა – მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.

კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარების და ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ. მათივე ცნობით, კვლევის შედეგად მოპოვებული მონაცემები წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, დაგეგმოს და შეიმუშავოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევის ფარგლებში მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით 2-7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.

წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ყოველ მეოთხე ოჯახში ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. შედეგები გამოავლენს სასმელი წყლის ხარისხს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე თითოეულ რეგიონში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდში, რომელიც ოჯახებს ესტუმრება, იქნებიან 1-3 ინტერვიუერი, ადამიანი, რომელიც აიღებს წყლის სინჯებს, გაზომავს და აწონის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს და ფლებოტომისტი, რომელიც ბავშვებს აუღებს სისხლს ვენიდან. სისხლის აღებამდე, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოების პარალელურად, დაიწყება მსხვილმასშტაბიანი საკომუნიკაციო და საზოგადოების მობილიზებისკენ მიმართული კამპანია კვლევის, მისი მიზნებისა და პროცედურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების თანამშრომლობისა და მხარდაჭერას მიზნით.

კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 11:00 საათზე გაიმართება.