საქართველოში წითელას 716 შემთხვევა არის დაფიქსირებული
საქართველოში წითელას 716 შემთხვევა არის დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წითელას 716 შემთხვევა არის დაფიქსირებული. მისი თქმით, სტატისტიკა მზარდია.

ამირან გამყრელიძე ორსულების გარდა ყველას მოუწოდებს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. ​

„ძალიან კარგია, რომ ერთი კვირის განმავლობაში 22 000 ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ვაქცინაციას, მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს და ყველაზე მაღალი რისკჯგუფია ორსულები, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები აიცრან და გუშინდელი მონაცემებით უკვე 100-მა ორსულმა მიმართა გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა. ქალბატონები, ვინც აპირებენ დაფეხმძიმებას, სასურველია, თუ არ არიან აცრილი, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა ორსულობის დადგომამდე სამი თვით ადრე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.