საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება
საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება

2019 წლის ბუნებრივი გაზის დაზუსტებული ბალანსით, საქართველოში წელს 144 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი იგეგმება. ეს მთლიანი მოცულობის დაახლოებით 5.5 პროცენტია. დანარჩენი გაზი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა.

ბალანსში ცვლილება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 21 მაისს დაამტკიცა.

„გაზპრომისგან“ მისაღები გაზის მოცულობა თვეების მიხედვით ასეთია: აპრილი – 6.827 მილიონი კუბური მეტრი; მაისი – 8.5 მილიონი კუბური მეტრი; ივნისი – 9 მილიონი კუბური მეტრი; ივლისი – 8 მილიონი კუბური მეტრი; აგვისტო – 7.3 მილიონი კუბური მეტრი; სექტემბერი – 9 მილიონი კუბური მეტრი; ოქტომბერი – 14.4 მილიონი კუბური მეტრი; ნოემბერი – 19.9 მილიონი კუბური მეტრი; დეკემბერი – 61.2 მილიონი კუბური მეტრი.

საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის ახალი ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია, როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი.

რუსული გაზის შემომტანი ქვეყანაში ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც მას სპეციალურ აუქციონზე ყიდის. 17 აპრილს ჩატარებული აუქციონზე 17 ლოტი იყო გამოტანილი, რომელთა ჯამური მოცულობა 30 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.

ამასთან, საქართველოში რუსული გაზის ერთ-ერთი მყიდველი „სოკარ ჯორჯია გაზია“. კომპანიამ 17 აპრილს ჩატარებულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა.

დატოვე კომენტარი