საქართველოში წარმოებული სამედიცინო მასალა გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ლიეტუვასა და პოლონეთში გაიყიდება
საქართველოში წარმოებული სამედიცინო მასალა გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ლიეტუვასა და პოლონეთში გაიყიდება

საქართველოში წარმოებული სამედიცინო მასალა გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ლიეტუვასა და პოლონეთში გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი Doctor goods (დოქტორ გუდსი) პირველი ქართული სამედიცინო მასალების საწარმოა, რომელიც 15-18 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის განმავლობაში კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.

„დოქტორ გუდსი“ 2019 წელს შეიქმნა და 2021 წელს სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც სესხის უზრუნველყოფას გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიას აქვს უმაღლესი სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.