საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი
საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის დროს რისკები მნიშვნელოვნად მცირეა.

„ჩვენ ისიც გვესმის, რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის. გუშინ ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელების შესახებ, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც უჭერს მხარს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ასტრაზენეკას“ ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვანად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.

როგორც გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერისვაქცინისთვის მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

„გუშინდელმა შემთხვევა დაგვანახა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა ზუსტად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი, აქ არის კიდევ რეანიმაციული განყოფილება, რაც იძლევა გარანტიას, რომ ჩარევა იქნება დროული“,- განაცხადა გაბუნიამ.