საქართველოში ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო
საქართველოში ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აღნიშნული თანხა მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯება, რომელთა მიზანი საქართველოს ქალაქებში ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

ბანკში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა არათანაბრად მიმდინარეობდა, რამაც სამუშაო ადგილების პოვნისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის დიდი ნაწილის რაიონული ცენტრებიდან თბილისში მიგრაცია გამოიწვია. დღეს ეროვნული შიდა პროდუქტის 70 პროცენტი თბილისზე მოდის და დედაქალაქში ქვეყნის ურბანული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

აღნიშნული სესხი საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, დაიწყოს ტექნიკური მოკვლევითი ანალიზი, დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაატაროს სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ADB-ის „საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირების“ პროგრამისთვის, რომლის დაწყება 2020 წლის მიწურულს იგეგმება. პროგრამის მიზანია საქართველოს ურბანული გარემოს ინფრასტრუქტურისა და მობილობის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსახლეობისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.

ასევე, პროგრამის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა, რასაც ADB ოთხ რეგიონულ ტურისტულ კლასტერში ინვესტირებით გეგმავს. ეს მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს, ინვესტიციებს ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ზუგდიდსა და მესტია-უშგულში და მეტ ინფრასტრუქტურულ განვითარებას დედაქალაქში. გასულ წელს საქართველოს 3.5 მილიონი ტურისტი ეწვია და 2028 წლისათვის ყოველწლიურად ექვს მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

„ქალაქების მდგრადი განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია და ის ასევე დაეხმარება ქვეყანას სრულად გამოიყენოს თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ეს სესხი მთავრობას საშუალებას მისცემს დაიწყოს უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი სამუშაოები მისი მიზნების განხორციელებისთვის, რაც მოიცავს საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციას და მათზე წვდომის გაუმჯობესებას, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას“, – აცხადებს ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ურბანული განვითარების სპეციალისტი რამოლა ნაიკ სინგრუ.