საქართველოში უკრაინის ელჩი - უკრაინის ბოლო სიახლეები საქართველოში დიდი ინტერესის საგანია, რაც მაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა
საქართველოში უკრაინის ელჩი - უკრაინის ბოლო სიახლეები საქართველოში დიდი ინტერესის საგანია, რაც მაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა

უკრაინის ბოლო სიახლეები საქართველოში დიდი ინტერესის საგანია, რაც მაძლევს ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლჰოვმა განაცხადა.

დოლჰოვი საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი მოსიძესთან და უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, მიხეილ უკლებასთან ერთად დღეს სტუდენტებთან დისკუსიას დაესწრო. შეხვედრაზე  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

განხილვებისას მკაფიოდ დაფიქსირდა ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართ სიმპატია და მოლოდინი, რომ მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის კვლავ გაგრძელდება.

„უკრაინაში ბოლო სიახლეები საქართველოში დიდი ინტერესის საგანია. ახალგაზრდები კითხულობდნენ, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. ეს კი, მაძლევს იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა, რომელიც მეტად მკაფიო და განსაზღვრული იქნება.

გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. იმედი მაქვს, პირველი კონტაქტებიც სულ მალევე დამყარდება. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს აქვს მყარი საფუძველი, რაც კიდევ უფრო მეტი მიღწევის, კონტაქტებისა და გეგმების საფუძველია”, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლჰოვმა.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ კორუფციულ პრობლემებსა და აგრეთვე საგარეო საფრთხეებს რუსეთის სახით. ამ მიმართულებით საქართველოსა და უკრაინას ალიანსის აუცილებლობას გაესვა ხაზი, მათ შორის ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებების კუთხით.

საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ყოველკვირეული დისკუსია ჟურნალი „დიპლომატის” ორგანიზებით 22 ივნისამდე გაგრძელდება. დისკუსიები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებზე საუბარს გულისხმობს.

დატოვე კომენტარი