საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამი - თბილისში
საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამი - თბილისში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა.​

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის – 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 18, აჭარასა და გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – შვიდი, ქვემო ქართლში – ექვსი, კახეთში კი, ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

22 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის სამი ფაქტი დედაქალაქშიც დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი, დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. ამავე პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.​ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.