ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

12:07, 14.11.2026

დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. პროკურატურა გია ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე, ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს 62 წლის გია ძლიერაშვილი.

მკვლელობა ოთხწლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, ბრალდებულის და ბინას არ ტოვებდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს კი ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი. დანაშაული ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი