საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი,  წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 485 მილიონით, 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაციას სასტუმრო „რუმსში“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მართავენ.

ამავე მონაცემებით, 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს, რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6 პროცენტს, ზრდა წინა წელთან შედარებით 19 პროცენტია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6.8 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა. საერთაშორისო კვლევითი პორტალის, Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპაში კი, მეორე ადგილზეა.

საქართველოში ტურისტების მოსაზიდად, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ტურისტული პროდუქტების შექმნისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახალ პროექტებს ახორციელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულმა პროექტებმა დიდი როლი ითამაშა როგორც ტურისტების მოზიდვის,  ასევე საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების გაზრდის საკითხში.

ასევე, შეიქმნა ახალი ვიდეო – EmotionAreGeorgia. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლატფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet, Euronews, CNN და BBC.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით, 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 163 პრესტური და 24 გაცნობითი ტური; საქართველოს ეწვია 800-მდე ჟურნალისტი; 300-მდე ტუროპერატორი; მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.

საქარველოს შესახებ სტატიები მოამზადეს გამოცემებმა: Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, National Geographic, Liberatio, Deutsche Welle, Vogue და ა.შ. 4 წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067 ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.

ასევე, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრესტური მოეწყო და 200-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა.