საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. შესაბამისი ცვლილებები – „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია და კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც, შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე.
ინიციატორები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული საქართველოში განაპირობებს არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში საქართველოში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ, პროექტით, შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმები იარსებებს. კერძოდ, ცვლილებებით, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი, აღნიშული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები, დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, გაიზარდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე, დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესები სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები.
„ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია საქსტატის ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა, მინიმუმ, 6 თვეს + 1 დღე. მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა შრომის ბაზარზე, სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული. ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი. ასევე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და დასაქმების რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.