საქართველოში ქარი და ნალექი 20 თებერვლამდე შენარჩუნდება
საქართველოში ქარი და ნალექი 20 თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველოში უამინდობა 20 თებერვლამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ნინო წვერავამ განუცხადა.

სინოპტიკოსები საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.

„დასავლეთ საქართველოში დღეს თითქმის ყველგან წვიმს. მთაში და მაღალ მთაში კი თოვს. ძლიერი ქარია როგორც დასავლეთში (17-22მეტრი/წამში), ასევე აღმოსავლეთში (20-25 მეტრი/წამში). დღეს დილით, შიდა ქართლში წვიმიანი ამინდი თოვლში გადაიზარდა.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ხვალ დილით ცოტა გამოიდარებს, თუმცა, დღის მეორე ნახევარში წვიმა დაიწყება, რომელიც 19 თებერვლამდე გაგრძელდება. შესაძლოა, მთიან რაიონებში ნალექი თოვლშიც გადავიდეს. 18-19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა +1,+6 გრადუსი იქნება; დღისით +3,+8; მთაში ღამით -4, +1; დღისით -3 +2; მაღალ მთაში ღამით -7,-2, დღისით -5, 0“,- განაცხადა ნინო წვერავამ.

მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

„მოთოვს შიდა ქართლში. 18-19 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით ტემპერატურა 0,+5 გრადუსი იქნება, დღისით +4,+9,მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 გრადუსი იქნება, დღისით +1, +6;

მაღალ მთაში ღამით -10, -5, დღისით -6, -1 გრადუსი“,- განაცხადა ნინო წვერავამ.

​რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსის ინფორმაციით, თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოშვებით 20-25მ/წმ-ში.

„თბილისში ამაღამ ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე გათბება, დღისით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. 19 თებერვალს თბილისში ღამით ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, დღისით +7. დროგამოშვებით მოსალოდნელია მცირე ნალექი“,- განაცხადა წვერავამ.

​მისივე ინფორმაციით, ქარიანი ამინდი თბილისში 20 თებერვლამდე გაგრძელდება.