საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

დღეს ღამით და ხვალ, დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექთან ერთად. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სინოპტიკოსმა ნაირა მანველაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღეისთვის შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაძლიერდეს 17-22 მეტრ/წამამდე. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 36-38 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 34-36 გრადუსამდე“, – აღნიშნა ნაირა მანველაშვილმა.

სინოპტიკოსის თქმით, 25 ივნისიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი სეტყვაც.

„იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დროგამოშვებით გაძლიერდება 20-25 მეტრ წამამდე. რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში უკვე დაიკლებს ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი თითქმის შევინარჩუნებთ 33 გრადუსამდე. ასეთი არამდგრადი ამინდები გაგრძელდება რამდენიმე დღე. დასავლეთ საქართველოში მოხდება ტემპერატურის თანდათანობით მომატება, აღმოსავლეთ საქართველოში შევინარჩუნებთ იმავე ტემპერატურას“, – განაცხადა ნაირა მანველაშვილმა.