საქართველოში თურქეთის საელჩოში თურქეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოში თურქეთის საელჩოში თურქეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თურქეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში დღეს სადღესასწაულო მიღება გაიმართა, სადაც ელჩები, სამხედროები მაღალჩინოსნები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენ-შტაბის უფროსი იყვნენ მიწვეულები.

თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა დამოუკიდებელი თურქეთის რესპუბლიკისა და მისი შეიარაღებული ძალების ფორმირების ისტორიაში 1922 წლის აგვისტოს მოვლენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენი გამარჯვების დღეა, რომელიც თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეძღვნება. 1922 წლის ომმა განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობა. იგი სამი წელი გრძელდებოდა და მის გარეშე ჩვენი რესპუბლიკა ვერ შეიქმნებოდა. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, გავიხსენოთ ათათურქი და ის, თუ რამდენად დიდი ლიდერი და ფიგურა იყო ის ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, თურქეთის სახელით მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, რომ რეგიონი უფრო უსაფრთხო და სტაბილური გავხადოთ, ჩვენი ქართველი მეგობრებისა და მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, როგორიცაა მოძმე აზერბაიჯანი“, – აღნიშნა ელჩმა.

ორი ქვეყნის პარტნიორობასა და შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მან თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ეს უმნიშვნელოვანესი დღეა თურქეთის ისტორიაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას. როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა პატივი მივაგო იმ მეომრების ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ. თურქეთი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და დასაყრდენი მეგობარია, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში მას მუდმივად პოზიტიური როლი ჰქონდა და მხარს გვიჭერდა სახელმწიფოებრიობის თითქმის ყველა ეტაპზე. თურქეთი მუდმივად იყო საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფების მკაფიო მხარდამჭერიც და იყო აქტიურად ჩართული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, საქართველო მიესალმება ნატო-ს ინიციატივას ვარშავის სამიტიდან, რაც შავ ზღვაში მისი ყოფნის გაზრდას გულისხმობს“, – აღნიშნა მინისტრმა.